ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიურო

ჯანაშიას თქმით, სასამართლომ ანტიკორუფციულს მის პირად საბანკი ანგარიშებზე წვდომა მისცა

თავისუფლების მოედანის წევრი, სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროსგან წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ბიუროს სასამართლომ მის პირად ანგარიშებზე წვდომა მისცა. 

ჯანაშიას თქმით, რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო დამატებით პირადი და პარტიის შემოსავლების დოკუმენტებს ითხოვს. ჯანაშია აღნიშნავს, რომ მოთხოვნას გაასაჩივრებს.

"ანტიკორუფციულიდან წერილი მოვიდა, რადგან პარტია თავისუფლების მოედნის წევრი ხართ, თქვენ პირად საბანკო ანგარიშებზე მოგვცა სასამართლომ წვდომაო. დამატებით, თქვენ პირად შემოსავლებზე დოკუმენტები გამოაგზავნეთ და თან პარტიას რა შემოსავლები ჰქონდა ეგეც გამოაყოლეთო.

ბატონო რაჟდენ, თავისუფლების მოედანმა ორჯერ ვცადეთ დარეგისტრირება პარტიად და უარი გვითხრა ქ.ოცნებამ. ჰოდა, აი ახლა შეტანილი გვაქვს რეგისტრაციის დოკუმენტები, და პასუხს ველოდეიბით. გეაჯებით, იქნებ დააჩქარებინოთ რეგისტრაცია, რომ რამე სამართლებრივი საფუძველი გქონდეთ, რომ ასეთი მოთხოვნები გამოგვიგზავნოთ ხოლმე?!

რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას გავასაჩივრებ. თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ ხომ ცინიზმია. მაგრამ, რომც ვიყოთ პარტია, ასე პარტიის ნებისმიერი წევრის საბანკო ანგარიშებზე თუ უნდა ჰქონდეს წვდომა სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ ა) პარტიაში არავის არ მოუნდება შესვლა და ბ) იმ პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაჰყავთ სასამართლოებში, იმის გამო, რომ ფიზიოლოგიური ხსნარი და პირბადე იყიდეს მაშინ, როცა გაზით წამლავდნენ მათ წევრებს, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი გადარიცხვა შეიძლება გახდეს იმის მტკიცების მოტივი, რომ რაღაც არაკანონიერს ჩადიხარ." - წერს სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 17 სექტემბერს, სასამართლომ დააკმაყოფილა ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.

იქამდე, 27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.

დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშები.

კომენტარები