ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR] განცხადებით, 30 სექტემბერს ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროსგან წერილი მიიღეს. კუპრაშვილის უწყება მათგან 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე პერიოდში მოქმედი/დადებული ყველა საგრანტო ხელშეკრულების გაზიარებას. ასევე, მოქმედი პროექტების ფინანსურ და შინაარსობრივ ანგარიშებს ითხოვს.
ორგანიზაციის განცხადებით, წერილის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროში დაწყებულია წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით.
"როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ანტიკორუფციული ბიუროსთვის კარგად არის ცნობილი, რომ ორგანიზაცია დაარსების დღიდან დღემდე, მუშაობს ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებზე, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ორგანიზაციის სტრატეგიული სამართალწარმოებით შეიქმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისა და ზრდასრულებისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და არის ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის უზრუნველყოფა.
დღემდე, სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად რჩება თავისი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და აგრძელებს ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას". - წერს PHR.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 17 სექტემბერს, სასამართლომ დააკმაყოფილა ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.
იქამდე, 27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.
დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშები.





