გაერთიანებული სამეფოს კოსმოსური სარდლობის ხელმძღვანელის, პოლ ტედმანის თქმით, რუსეთი დიდი ბრიტანეთის კოსმოსურ სამხედრო თანამგზავრებს უკან მიჰყვება და "საგრძნობ მანძილზე" უახლოვდება.
გაერთიანებულ სამეფოს ორბიტაზე ექვს ერთეულამდე სპეციალური სამხედრო თანამგზავრი აქვს განლაგებული, რომლებიც კავშირგაბმულობასა და მეთვალყურეობას უზრუნველყოფენ.
BBC-თან ინტერვიუში გენერალ-მაიორმა პოლ ტედმანმა რუსეთის მხრიდან გაერთიანებული სამეფოს კოსმოსურ ობიექტებზე ზემოქმედების დონეზე პირველად გააკეთა განცხადება. მისი თქმით, რუსეთი ყოველკვირეულად ცდილობს, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო თანამგზავრების მუშაობა სახმელეთო სისტემების გამოყენებით ჩაახშოს.
"მათ [რუსებს] აინტერესებთ, რას ვაკეთებთ, ამიტომ საგრძნობლად ახლოს დაფრინავენ." - აღნიშნა გენერალმა ტედმანმა.
გენერალმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს სამხედრო თანამგზავრები ჩამხშობი სისტემის საწინააღმდეგო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, მაგრამ "ვხედავთ, რომ რუსები თანამგზავრების მუშაობას საგრძნობლად აფერხებენ."
"ჩინელებს უფრო მეტად დახვეწილი შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რუსებს აქვთ სურვილი, რომ თავიანთი ანტისატელიტური სისტემები გამოიყენონ." - აღნიშნა გენერალმა ტედმანმა, რომელმაც თქვა, რომ "უფრო მეტად ღელავდა" იმაზე, რაც კოსმოსში ხდება, რადგან რუსეთსა და ჩინეთს ანტი-სატელიტური იარაღები უკვე გამოცდილი აქვთ.
კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად ხდება შეფერხება, გენერალმა უპასუხა, რომ "ყოველკვირეულად." ამასთანავე, დაამატა, რომ აქტივობა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უფრო გაიზარდა.
მანამდე, 25 სექტემბერს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსული Lunch/Olymp ტიპის სატელიტები გერმანულ Intelsat-ის თანამგზავრებს უკან მიჰყვებოდნენ.
ბერლინის კოსმოსურ კონფერენციაზე პისტორიუსმა აღნიშნა, რომ "რუსეთმა და ჩინეთმა კოსმოსში მათი საომარი შესაძლებლობები ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გააფართოვეს".
"მათ შეუძლიათ სატელიტების მოქმედების შეზღუდვა, მათი დაბრმავება, მანიპულირება ან განადგურება" – ამბობს პისტორიუსი.
რუსეთის მიერ 2014 და 2023 წლებში გაშვებულ ორ სატელიტს არაერთხელ დასდეს ბრალი დასავლურმა სახელმწიფოებმა სხვა სატელიტებისგან სიგნალების მოპარვის მცდელობაში.
ფრანგულმა კოსმოსურმა სტარტაპმა, Aldoria-მ 2024 წლის მაისში განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსული სატელიტი კომპანიის სატელიტს უეცრად და საეჭვოდ მიუახლოვდა. 2023-ში მსგავსი განცხადება გაავრცელა ამერიკულმა კომპანია Slingshot Aerospace-მა და აღნიშნა, რომ რუსული სატელიტები "არაკეთილსინდისიერ" მოქმედებაში შენიშნეს, როდესაც უცხო ქვეყნის სატელიტებთან საეჭვოდ ჩერდებოდა.





