რუსული რეჟიმი

კობახიძე ივანიშვილზე: ვერ შეაშინებენ ამ კაცს სანქციებით

"ჩვენ გვყავს ერთადერთი ბიზნეს-ელჩი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ეს არის ეკონომიკის მინისტრი" - ასე პასუხობს ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე კითხვას, "ვინ არის ქართული ოცნების ბიზნეს-ელჩი დასავლეთში, რადგან მესამე სექტორის ინფორმაციით, კონკრეტული ბიზნესმენები დასავლეთში ესაუბრებიან კონკრეტულ ლიდერებს თუ ოფიციალურ პირებს, რომ არ მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. ვინ გყავთ ასეთი ბიზნესსექტორში". მისი თქმითვე, "ბიზნესმენებს შეუძლიათ, თავისი სახელით ესაუბრონ ნებისმიერ ადამიანს, თუმცა, ეს არ არის ჩვენი მმართველობის სფეროს ნაწილი".

"ჩვენ გვყავს ერთადერთი ბიზნეს-ელჩი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ეს არის ეკონომიკის მინისტრი, ის არის ბიზნეს-ელჩი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ და ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, ქვეყნის გარეთ, ეკონომიკის მინისტრი ესაუბრება ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებიით, ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის მისი მანდატი.

ბიზნესმენებს შეუძლიათ, თავისი სახელით ესაუბრონ ნებისმიერ ადამიანს, თუმცა, ეს არ არის ჩვენი მმართველობის სფეროს ნაწილი, რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლებას წარმოადგენს ეკონომიკის და ბიზნესის სფეროში სწორედ ეკონომიკის მინისტრი" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, თუ აქვს ინფორმაცია, თუნდაც თავისი ინიციატივით ესაუბრებოდეს რომელიმე ბიზნესმენი დასავლეთში ოფიციალურ პირებს, ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ "შეიძლება, რიგითი ადამიანიც საუბრობდეს ვიღაცასთან, ეს მათი საქმეა".

კითხვაზე, "გაქვთ ასეთი საუბრების იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ვერ მოხდება?", კობახიძე პასუხობს, რომ - ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არავითარი სანქციების.

"მის მიმართ უკრაინაში ომის დაწყებისდან პრაქტიკულად მოქმედებს უკვე არაფორმალური სანქციები, გაუყინეს თანხები, ვერ შეაშინებენ ამ კაცს სანქციებით და არ არის საინტერესო... მე არ ვიცი, ვინ საუბრობს, თქვენ თვითონ ამბობთ რაღაცას და მერე... ეკონომიკის მინისტრი საუბრობს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს კონკრეტულად სახელმწიფოს ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით, რაც შეეხება ბიზნესმენების საუბრებს, ეს არის ბიზნესმენების საქმე" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები