გამოცემა Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ მოლაპარაკებებს მართავს თალიბანთან ავღანეთში, ბაგრამის აეროდრომზე, აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის განთავსებასთან დაკავშირებით, რაც რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციებისთვის აშშ-სთვის დასაყრდენი წერტილის როლს შეასრულებს.
ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა ასევე წერს, რომ მძევლების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ადამ ბოულერის ხელმძღვანელობით გამართული მოლაპარაკებები ასევე მოიცავს მძევლების გაცვლის, შესაძლო ეკონომიკური შეთანხმებისა და უსაფრთხოების საკითხებსაც.
მანამდე, 18 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას ცდილობს, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ქვეყნიდან გასვლისას, 2021 წელს მიატოვეს.
აღსანიშნავია, რომ ბაგრამის ავიაბაზა ავღანეთში აშშ-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა და ოცწლიანი ომის ლოჯისტიკური ცენტრი იყო.
"ჩვენ მის დაბრუნებას ვცდილობთ". - განაცხადა მან ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ ბაზა "დაახლოებით ერთ საათშია იმ ადგილიდან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს".





