პოლონეთში რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული დრონის ჩამოსაგდებად იყო გამოყენებული.
პოლონეთის სამხედრო პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ რაკეტის ფრაგმენტები 18 სექტემბერს სოფელ ქოინიში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 70 კილომეტრში მდებარეობს, იპოვეს. The Kyiv Independent წერს, რომ სავარაუდოდ, აღნიშნული ნამსხვრევი იმ რაკეტის ნაწილია, რომლითაც პოლონეთმა რუსული დრონი ჩამოაგდო.
პოლიციამ აღნიშნა, რომ ადგილზე ამჟამად საგამოძიებო სამუშოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონების უმეტესობა სწორედ აქ დაფიქსირდა.
ცნობისთვის, ვარშავამ განაცხადა, რომ გასულ კვირას პოლონურმა და მოკავშირეთა ავიაციამ, სულ მცირე, სამი რუსული დრონი ჩამოაგდო.
ასევე, ლატვიის სანაპიროზე რუსეთის Gerbera-ს ტიპის დრონის ნამსხვრევი იპოვეს.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ სამხედროების ცნობით, დრონის ნამსხვრევები ასაფეთქებელ ნივთიერებას არ შეიცავს. სავარაუდოდ, ეს რუსული სატყუარა დრონი იყო.The Kyiv Independent აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ მოდელის რუსული დრონები 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
ლატვიის პრემიერმინისტრმა, ევიკა სილინამ ქვეყნის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს პოლონელ კოლეგებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად, დრონების წარმომავლობის გარკვევა დაავალა.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.





