უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) წყაროები უკრაინულ მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ რუსეთში, ვლადივოსტოკში აფეთქებები მოაწყვეს ომის დანაშაულებში მონაწილე საზღვაო ქვეითთა 155-ე ცალკეული გვარდიული ბრიგადის სამხედროების განლაგების ადგილზე.
მედიასთან საუბარში სამხედრო დაზვერვის წყაროებმა თქვეს, რომ ჩაატარეს სპეციალური ოპერაცია პრიმორიეს მხარეში მდებარე შჩიტოვაიას დასახლებაში, სადაც განლაგებული იყო საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადის 47-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი, რომელიც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში კიევის, უგლედარის, მარიუპოლის, პოკროვსკისა და კურსკის მიმართულებით.
16 სექტემბერს, გამთენიისას სამხედრო ნაწილის პარკინგზე ძლიერი აფეთქება მოხდა. მცირე ხნის შემდეგ აფეთქება განმეორდა. რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებულ ვიდეობში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე მისული იყო დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და სპეცსამსახურების თანამშრომლები, ასევე ვერტმფრენები. ГУР-ის წყაროს თქმით, სპეცოპერაციის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.
საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადა გამოირჩევა მშვიდობიანი მოსახლეობისადმი დაუნდობლობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების უკანონო სიკვდილით დასჯითა და დასახიჩრებით, ცხედრების დანაწევრებით.
საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადას წარსულში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. 2024 წლის დეკემბერში, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მან 155-ე ბრიგადაზე ისაუბრა, როცა დანაყოფის დროშა მის ზურგსუკან გაშალეს. პუტინს ამ ქვედანაყოფის სამხედროების ნაწილი დაჯილდოებული ჰყავს.





