პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ პოლონეთში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით თქვა, რომ "აგრესორ და მატყუარა" პუტინთან "მხოლოდ უმკაცრესი საპასუხო ზომები მუშაობს" და თავდასხმის შედეგად მსხვერპლის ან ზიანის შემთხვევაში პოლონეთს უფრო მკაცრი პასუხი ექნებოდა.
ამის შესახებ შიკორსკიმ The Guardian-თან კიევში ისაუბრა.
"ისეთ აგრესორთან და მატყუარასთან, როგორიც პუტინია, მხოლოდ უმკაცრესი საპასუხო ზომები მუშაობს". - თქვა შიკორსკიმ.
შიკორსკიმ ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთის რეაქცია "გაცილებით უფრო მკაცრი" იქნებოდა, თუკი რუსული დრონების თავდასხმას ქვეყნის ტერიტორიაზე ზიანი ან მსხვერპლი მოჰყვებოდა, თუმცა არ დაუზუსტებია, როგორი შეიძლება იყოს ასეთი პასუხი მომავალში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, რომ ქვეყნის საჰაერო ძალები შეჭრისთვის მზად არ ყოფილა და აღნიშნა, რომ დრონებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.
"დრონებმა თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, საკუთრებას უმნიშვნელო ზიანი მიადგა, არავინ დაშავებულა. ეს რომ უკრაინაში მომხდარიყო, უკრაინული განსაზღვრებით, ეს 100%-იან წარმატებად ჩაითვლებოდა". - თქვა შიკორსკიმ.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.
მოგვიანებით, რუმინეთმა თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადა და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნა.
რუმინეთი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ "საჰაერო სივრციდან ობიექტების ვარდნის შესაძლებლობა" იყო.
პარალელურად, უკრაინაში პოლონეთთან მოსაზღვრე რეგიონებში რუსული დრონების იერიშების საფრთხის გამო პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა და ლუბლინის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა.
სარდლობამ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ოპერაცია დასრულდა და უკრაინაში ვითარების მეთვალყურეობას განაგრძობს.





