გამოცემა Українська правда უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГУР) საკუთარ წყაროებზე დარყდნობით წერს, რომ ГУР-მა და უკრაინის სპეციალური ოპერაციების სამსახურმა (ССО) 13 და 14 სექტემბერს რუსული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად ოპერაციები ჩაატარეს.
13 სექტემბერს ორიოლის ოლქში მალოარხანგელსკ-გლაზუნოვკას სარკინიგზო უბანთან რუსეთის რკინიგზის თანამშრომლებმა ნაღმები აღმოაჩინეს, რის გამოც ადგილზე როსგვარდიის სპეცდანაყოფის პერსონალი მობილიზდა. განნაღმვის წარუმატებელი მცდელობის შედეგად აფეთქება მოხდა, რის გამოც როსგვარდიის, სულ მცირე, ორი თანამშრომელი მოკვდა.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მესამე თანამშრომელმა ფეხი დაკარგა, თუმცა, მოგვიანებით, ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმა დაწერა, რომ ის 14 სექტემბრის დილას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აფეთქების შედეგად 15-ზე მეტი მატარებელი შეჩერდა.
УП-ს წყაროების მიხედვით, კიდევ ერთი თავდასხმა 14 სექტემბრის ღამის 2 საათის შემდეგ მოხდა. სანქტ-პეტერბურგ-პსკოვის რკინიგზაზე სტროგანოვ-მშინსკის უბანზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ლოკომოტივი რელსებიდან გადავიდა და საწვავთან ერთად 15 საწვავის ავზი განადგურდა.
გამოცემასთან საუბრისას ГУР-ის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ეს სარკინიგზო ხაზები ხარკოვისა და სუმის მიმართულებით რუსი სამხედროების მომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"ამ უბნებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განადგურების შედეგად რუსეთი ლოჯისტიკაში მნიშვნელოვან გართულებებს აწყდება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აისახება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მათი მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაში". - თქვა УП-ს ერთ-ერთმა წყარომ.





