გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა 12 სექტემბერს პრიმორსკის სანავთობო პორტზე დრონებით იერიშის შედეგად პორტის მუშაობა შეაჩერა და ორი რუსული ნავთობმზიდი ტანკერი, Kusto და Cai Yun დააზიანა.
როგორც Reuters საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ორივე ტანკერი სეიშელის კუნძულებში არის რეგისტრირებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს პრიმორსკის პორტზე დრონებით იერიშის პირველი შემთხვევაა.
ნავთობმზიდი ტანკერების დაზიანების დონე ჯერჯერობით უცნობია.
პრიმორსკის სანავთობო პორტი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული პორტია, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს. ექსპერტების შეფასებით, პრიმორსკის პორტის დღიური ბრუნვა 100 მილიონ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, 12 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ლენინგრადის ოლქში, ქალაქ პრიმორსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, პრიმორსკის სანავთობო პორტში ერთ-ერთ გემს ცეცხლი გაუჩნდა.
იერიშის შემდეგ ნავთობის ფასები დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.





