რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია დასავლეთის მუდმივი მცდელობა, უკრაინა NATO-ში ჩაითრიოს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, "კრიზისის" ერთ-ერთი მიზეზი დასავლეთის მხრიდან "უკრაინის NATO-ში ჩათრევის" მუდმივი მცდელობები გახდა. ამის შესახებ მან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფო ლიდერთა სხდომაზე ისაუბრა.

პუტინის თქმით, კონფლიქტი არა თავდასხმის, არამედ უკრაინაში 2014 წელს მომხდარი "სახელმწიფო გადატრიალების" შედეგად წარმოიშვა.

"კრიზისი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად არ შექმნილა. ის წარმოიშვა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელიც დასავლეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი იყო. ამას მოჰყვა შეიარაღებული მცდელობები უკრაინის რეგიონებისა და იმ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის ჩასახშობად, რომლებმაც არ მიიღეს ეს სახელმწიფო გადატრიალება.

კრიზისის მეორე მიზეზი დასავლეთის მუდმივი მცდელობებია, უკრაინა NATO-ში ჩაითრიოს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას". - თქვა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გრძელვადიანი მშვიდობისთვის კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას.

კომენტარები