ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) უნგრეთის მიერ შეტანილი სარჩელი მიიღო, რომლითაც უნგრეთი მისთვის გვერდის ავლით უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგების გამოყენებით სამხედრო დახმარების მიწოდებას ასაჩივრებს.
უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) წინააღმდეგ სარჩელი ივლისში შეიტანა. სარჩელი საბჭოს მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, რომელმაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის ჩარჩო შექმნა.
ცნობისთვის, გასული წლის მაისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგება ძირითადად EPF-სთვის გადაეცა, რომელიც უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების თანხებს ფარავს.
ხოლო უნგრეთი EPF-ისთვის ამ თანხების, ჯამში დაახლოებით 6 მილიარდი ევროს, გამოყოფას სისტემატურად ეწინააღმდეგება.
თუმცა, ვინაიდან უნგრეთმა რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ევროკავშირი აცხადებს, რომ ამ აქტივებისგან მიღებული შემოსავლის გასანაწილებლად ბუდაპეშტის თანხმობა საჭირო არ არის.
EPF-ის მიერ მიმდინარე წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას პრაქტიკაში შესრულებას ეხება, ასევე აღნიშნულია, უნგრეთის მხრიდან დაფინანსების მექანიზმზე კენჭის ყრის დროს ხმის მიცემისგან თავის შეკავება ნიშნავს, რომ მისი ხმა ფინანსების განაწილების ცალკეული გადაწყვეტილებების დროს არარელევანტურია.
სარჩელში უნგრეთი მოითხოვს, რომ ეს გადაწყვეტილება გაუქმდეს.





