რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კიევის უარი NATO-ზე, არმიის შეზღუდვა, დონბასის დათმობა – Reuters პუტინის მოთხოვნებს აქვეყნებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ მთელი აღმოსავლეთ დონბასი დათმოს, უარი თქვას NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე, დარჩეს ნეიტრალური, დათანხმდეს არმიის შეზღუდვას და ქვეყანაში დასავლელი სამხედროები არ განალაგოს. 

სამ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ 15 აგვისტოს ალასკაში გამართულ სამიტზე პუტინმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დახურული შეხვედრის თითქმის სამივე საათი უკრაინის შესახებ შესაძლო კომპრომისების განხილვას დაუთმეს. 

რუსული წყაროების თქმით, სამიტზე პუტინმა უკან წაიღო ის ტერიტორიული მოთხოვნები, რომლებიც რუსეთმა 2024 წლის ივნისში წამოაყენა, რაც კიევის მხრიდან რუსეთისთვის ოთხი რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს - დათმობას გულისხმობდა. 

თუმცა, Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ითხოვს, რომ უკრაინამ დატოვოს დონბასის ის ნაწილები, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს. სამი წყაროს მიხედვით, ამის ნაცვლად მოსკოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონში ფრონტის ამჟამინდელ ხაზებს გაყინავს. 

აშშ-სა და ღია წყაროების მონაცემებით, რუსეთი დონბასის დაახლოებით 88%-ს, ხოლო ზაპოროჟიესა და ხერსონის 73%-ს აკონტროლებს. გამოცემას წყაროებმა ასევე უთხრეს, რომ რუსეთი მზადაა, შესაძლო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას ხარკოვის, სუმისა და დნიპროპეტროვსკის რეგიონების მცირე ნაწილები დაუბრუნოს. 

ამასთანავე, Reuters-ის ინფორმაციით, პუტინი კვლავ ითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე და ამისთვის სურს, NATO-სგან კანონიერი დაპირება მიიღოს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით მეტად აღარ გაფართოვდება. 

წყაროების თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნებში ასევე შედის უკრაინის არმიაზე შეზღუდვების დაწესება და შეთანხმება, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა არ მოხდება. 

კომენტარები