რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკის თქმით, უკრაინამ პოკროვსკის რაიონის მიმართულებით 6 დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური ოლექსანდრ სირსკი
Kyiv Independent

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი წერს, რომ დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის მიმართულებით 6 დასახლება გაათავისუფლეს და ასობით რუსი ოკუპანტი მოკლეს. 

სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია საკუთარ ამოცანებს ღირსეულად ასრულებს. 

ამის შესახებ სირსკი Telegram-ზე წერს.

სირსკის მიხედვით, ის იმ ქვედანაყოფებს ეწვია, რომლებიც დობროპოლიეს მიმართულებით მოქმედებენ.

"განსაკუთრებულ ყურადღებას ფრონტის იმ მონაკვეთებს ვუთმობ, სადაც ვითარება ყველაზე მძიმეა. პოკროვსკის მიმართულებით სამუშაოდ გავედი, კერძოდ სამხედრო მმართველობის იმ ორგანოებში, კორპუსებსა და ბრიგადებში, რომლებიც დობროპოლიეს საგუშაგოზე სტაბილიზაციურ ქმედებებს ატარებენ". - წერს სირსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა დაწერა, რომ ოპერატიული მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა და თავდაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი განკარგულებები გასცა. 

"ოპერატიული მდგომარეობის თავისებურებების, პრობლემური საკითხებისა და ქვედანაყოფების საჭიროებების შესახებ მეთაურების ანგარიში მოვისმინე. თავდაცვის მედეგობის გაძლიერების შესახებ შესაბამისი განკარგულებები გავეცი. საკვანძო ამოცანაა მტრის ტაქტიკის ცვლილებაზე ეფექტიანი რეაგირება, თუმცა უკრაინის მცველების სიცოცხლეების მაქსიმალურად გადარჩენაა". - წერს სირსკი. 

მანამდე, 11 აგვისტოს ანალიტიკური პროექტი, DeepState წერდა, რომ რუსული ძალები დონეცკის ოლქში დობროპოლიას მიმართულებით, კერძოდ დობროპილია-კრამატორსკის გზის მიმართულებით წინ მიიწევდნენ და პოზიციები გაიმყარეს

DeepState წერდა, რომ რუსმა სამხედროებმა რაოდენობრივი უპირატესობით უკრაინული თავდაცვა გაარღვიეს და დასახლებები, ზოლოტიი კოლოდიაზი, კუჩერივ იარი და სოფელი ვესელე დაიკავეს, სადაც შემდგომი იერიშისთვის ძალებს კრებდნენ.

მოგვიანებით, უკრაინელი სამხედროების ჯგუფმა, Днепр-მა დააზუსტა, რომ ამ მიმართულებით რუსული ძალები მცირერიცხოვანი ჯგუფებით მოქმედებდნენ და ფრონტზე მასობრივი გარღვევა არ ყოფილა. 

ბოლო დღეებში უკრაინელებმა დაკარგულ პოზიციებზე კონტროლის აღდგენა მოახერხეს. 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 4-დან 6 აგვისტომდე დონეცკის ოლქში უკრაინამ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, გრუზსკე, რუბიჟნე, ნოვოვოდიანოე, პეტრივკა, ვესელე და ზოლოტიი კოლიდიაზი გაათავისუფლა

კომენტარები