გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ყირგიზულ ფინანსურ ქსელებს, რომლებსაც, მათი ინფორმაციით, რუსეთი სანქციებისთვის თავის არიდებისთვის იყენებს.
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, რუსეთი ყირგიზულ ფინანსურ სექტორს, მათ შორის კრიპტოვალუტის ქსელებს, ტრანზაქციების გასათეთრებლად და სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებდა.
გაერთიანებული სამეფოს ახალი სანქციები, მათ შორის, ყირგიზულ ბანკს, Capital Bank-ს, მის დირექტორს, კანტემირ ჩალბაიევსა და კრიპტოვალუტის ბირჟებს, Grinex-სა და Meer-ს შეეხო.
სანქციებმა მიზანში ამოიღო ასევე ყირგიზული კრიპტოვალუტის, A7A5-ის ინფრასტრუქტურა, რომელიც, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის თქმით, დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებისთვის გამოიყენება.
"რუსულ სამხედრო მანქანაზე ზეწოლის შენარჩუნება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან უკრაინაში მკვლელობის შეჩერებისკენ მიმართული ძალისხმევის განსამტკიცებლად და იმისთვის, რომ პუტინს აზრიან მოლაპარაკებებში ჩართვა ვაიძულოთ. ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაერთიანებულ სამეფოში და სხვაგან უსაფრთხოებისთვის. ბრიტანელი ხალხის დაცვა ამ მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტია და პრემიერმინისტრის ცვლილების გეგმის განუყოფელი ნაწილია". - წერია განცხადებაში.
მთლიანობაში, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები GRINEX LLC-ს, CJSC TENGRICOIN-ს, OLD VECTOR LLC-ს, OJSC CAPITAL BANK OF CENTRAL ASIA-ს, ALTAIR HOLDING SA-ს, ლეონიდ შუმაკოვს, კანტემირ კარაპბეკოვიჩ ჩალბაიევსა და ჟანიშბეკ უულუ ნაზარბეკს დაუწესა.
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთიმ აღნიშნა, რომ ახალი სანქციები რუსეთ-უკრაინის ომის კრიტიკულ მომენტში დააწესეს.
"თუ კრემლს ჰგონია, რომ საეჭვო კრიპტოქსელების საშუალებით ტრანზაქციების გათეთრებით ჩვენი სანქციების სიმძიმის შემსუბუქების სასოწარკვეთილი მცდელობების დამალვა შეუძლიათ, ძალიან ცდებიან. ეს სანქციები კრიტიკულ მომენტში პუტინზე ზეწოლას ინარჩუნებს და მის საომარ ფონდში ფულის გასაგზავნად გამოყენებული უკანონო ქსელების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად აშშ-ს ხელმძღვანელობით ამ უკანონო ომის დასრულებისა და სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევის მხარდაჭერას განვაგრძობთ". - თქვა დაუთიმ.
მანამდე, 18 აგვისტოს ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სამიტი გაიმართა. ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები, ევროპელი ლიდერების თანდასწრებით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.





