პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი ვარშავაში კონცერტზე უკრაინელი ნაციონალისტების დროშის გამოჩენაში რუსეთს ადანაშაულებს და ამბობს, რომ რუსეთს ომის დასასრულის მოახლოების ფონზე "ანტიპოლონური ჟესტებით და პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობების" წახალისებით ორ ქვეყანას შორის განხეთქილების წარმოშვა სურს.
ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.
"უკრაინაში ომის დასასრული ახლოვდება, ამიტომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა კიევსა და ვარშავას შორის განხეთქილება წარმოშვას. უკრაინელების მხრიდან ანტიპოლონური ჟესტები და პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობებზე ნავთის დასხმა პუტინის სცენარია, რომელსაც უცხოური აგენტები და ადგილობრივი იდიოტები ასრულებენ, ყოველთვის იგივე ადამიანები". - წერს ტუსკი.
ცნობისთვის, ვარშავის პოლიციამ ბელარუსელი რეპერის, მაქს კორჟის კონცერტზე 50 ჯარიმა დაწერა და 109 ადამიანი დააკავა, მათ შორის, 37 ადმინისტრაციულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 72 კი - სისხლის სამართლის ბრალდებებით.
პოლიცია აზუსტებს, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკების შენახვა, დაცვაზე თავდასხმა, მასობრივი ღონისძიების ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლა და ასევე სტადიონზე პიროტექნიკის მიტანა.
გარდა ამისა, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარჩინ კიერვინსკის თქმით, პოლიცია ეძებს "პირებს, ვინც პასუხისმგებლები არიან სტადიონზე სლოგანების გამოჩენაზე, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო აქტის ნიშნებს შეიძლება ატარებდეს". მანვე აღნიშნა, რომ "ტოტალიტარული სიმბოლიკის მქონე სამ დროშასთან დაკავშირებით" გამოძიება მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კონცერტზე რამდენიმე ადამიანს წითელი და შავი დროშა ჰქონდა, რომელიც სტეპან ბანდერას უკრაინელ ნაციონალისტთა მოძრაობასთან (ОУН) და უკრაინის მეამბოხეთა არმიასთან (УПА) ასოცირდება.
მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ხოცვა-ჟლეტა მოხდა, რასაც ათეულობით ათასი პოლონელი, მათ შორის, პოლონელი ებრაელი, და უკრაინელი ემსხვერპლა. პოლონეთის თქმით, მომხდარი უკრაინის მეამბოხე არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო, ხოლო უკრაინული მხარე ჩადენილ დანაშაულებზე ორმხრივი პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვდა.





