გამოცემა Bloomberg გერმანიის კანცლერის სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპს პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ექნება.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის სპიკერმა, შტეფან კორნელიუსმა Bloomberg-ს იმეილი მიწერა.
გამოცემის თანახმად, სატელეფონო საუბარში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და პოლონეთისა და ფინეთის პრემიერები, დონალდ ტუსკი და პეტერი ორპო.
Bloomberg-ის მიხედვით, კორნელიუსმა მისწერათ, რომ სატელეფონო საუბარი "რუსეთზე ზეწოლის დამატებით ვარიანტებსა" და "შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მომზადებასა და ტერიტორიული პრეტენზიებისა და უსაფრთხოების დაკავშირებულ საკითხებს შეეხება".
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სამიტის გამართვამდე აშშ-მ ევროპელ პარტნიორებთან საკითხზე კოორდინაციის პირობა დადო.
მანამდე გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროპელ ლიდერებს ტრამპი-პუტინის სამიტის გამართვამდე აშშ-ს პრეზიდენტთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ცდილობენ. ხოლო გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს ალასკაში სამიტის გამართვამდე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესებისკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის, ტრამპი და პუტინი 15 აგვისტოს აშშ-ს ალასკის შტატში შეხვედრას გეგმავენ.
დღეს, 11 აგვისტოს ტრამპმა თქვა, რომ სურს, ალასკის შტატში პუტინთან შეხვედრის შემდეგ შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის შედგეს. მისივე თქმით, მზად არის, შეხვედრაში თავადაც მიიღოს მონაწილეობა, "თუ დასჭირდებათ".
მანამდე, გამოცემა WSJ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარუდგინა, რომელიც დონეცკის ოლქიდან უკრაინის ძალების გასვლასა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის გაყინვას ითვალისწინებდა.
მოგვიანებით, გამოცემამ საკუთარ წყაროებზე ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინამ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების საპასუხოდ აშშ-ს საკუთარი წინადადება წარუდგინეს.
WSJ-ს მიხედვით, ევროპის ქვეყნებმა უარყვეს რუსული მხარის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გასვლის შესახებ. ნაცვლად ამისა, ევროპული წინადადების მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ გაცვლითი შეთანხმებები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტერიტორიიდან უკრაინის გასვლას რუსეთის მხრიდან სხვა ოკუპირებული რეგიონის დატოვება უნდა ახლდეს თან. ამასთან, ევროპული წინადადებით, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო
გარდა ამისა, ევროპული გეგმა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავს, მათ შორის, NATO-ს შესაძლო წევრობას.
WSJ-ის მიხედვით, შეხვედრის დროს ევროპელმა წარმომადგენლებმა ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის მომავალის განხილვა უკრაინის გარეშე დაუშვებელია და ასევე თქვეს, რომ ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ევროპელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე ღირებული არ იქნება.





