მზია ამაღლობელის საქმე

გვაშფოთებს ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელება – სახდეპი ამაღლობელის განაჩენზე

მზია ამაღლობელი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ფორმულას მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაუგზავნა, რომელშიც საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებისა და გაზრდის გამო შეშფოთება არის გამოთქმული. 

სახდეპის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს აკავებს, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს ავიწროებს. 

ფორმულას აშშ-ს სახდეპი ასევე წერს, რომ შეშფოთებულია, რომ ქართული ოცნება ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის, გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, კრიტიკოსების წინააღმდეგ შერჩევითად იყენებს, რითაც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. 

"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით.

ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას". - წერია ფორმულასთვის მიწოდებულ განცხადებაში. 

დღეს, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები