მოლდოვა

კიშინიოვის სასამართლომ გაგაუზიის პრორუს ლიდერს, ევგენია გუცულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ევგენია გუცული

მოლდოვის სასამართლომ გაგაუზიის პრორუს ლიდერს, ევგენია გუცულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გუცულს ბრალად ედება დაფინანსების უკანონოდ მიღება და 2023 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში დოკუმენტების, ანგარიშებისა და დეკლარაციების გაყალბება.

გამოძიების მტკიცებით, გუცულმა საკუთარი პარტიის, Șor-ის დასაფინანსებლად რუსეთიდან მოლდოვაში 2.4 მილიონი აშშ დოლარი ჩაიტანა.

2023 წლის ივნისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია Șor არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მისი დაშლის ბრძანება გასცა. პარტიას ბრალად ედება ქვეყანაში მასობრივი აქციების ორგანიზების გზით დესტაბილიზაციის მოწყობა. პარტიის დამფუძნებელს, ილან შორს დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შორი თავს მოსკოვს აფარებს.


ევგენია გუცული 26 მარტს კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.

2024 წელს ის რამდენჯერმე ჩავიდა მოსკოვში, ერთ-ერთ ვიზიტზე გუცული ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გაგაუზიის ლიდერი პირველი მოლდოველი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩავიდა.

გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.

ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

კომენტარები