5 აგვისტოს ღამით რუსეთში როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურ ტაცინსკაიაზე დრონებით იერიში იყო, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული Telegram-არხები, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იური სლუსარი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრებების თქმით, ქალაქ მილეროვოში, ბელაია-კალიტვაში და ტაცინსკაიას რკინიგზის სადგურთან ათობით აფეთქების ხმა გაისმა.
პარალელურად, მილეროვოს რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეწყდა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს დრონებით იერიშს.
"მილეროვოს რაიონის ვერხნატელოვკას ხუტორში ქვესადგური აალდა. 500 კვ.კმ ფართობის ხანძარი ლიკვიდირებულია". - წერს როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იური სლუსარი.
რუსული მხარე იერიშში გამოყენებული დრონების რაოდენობაზე ინფორმაციას არ ავრცელებს და ასევე არ აღნიშნავს, რომელი ობიექტები დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა 24 უკრაინული დრონი გაანადგურეს - 13 ბრიანსკის ოლქში, 7 - როსტოვში და 2 - კალუგისა და სმოლენსკის ოლქებში.





