სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აპარატი ნინო დათაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით”, ზედამხედველობის პროცესს განაგრძობს.
“როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მისი მონახულების და შესაბამისი შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატს მიმართული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისთვის.
2025 წლის 2 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა კვლავ მოინახულა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი. შეხვედრისას ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
საკითხის შესწავლის და შეფასების მიზნით სახალხო დამცველის აპარატს დამატებით უკვე გამოთხოვილი აქვს ბრალდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად, თუმცა ვინაიდან ეს მონაცემები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციას მიეკუთვნება აპარატის მიერ არ ხდება მისი გასაჯაროება.
სახალხო დამცველი გააგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, ზედამხედველობის განხორციელებას”. - ნათქვამია განცხადებაში.
21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR], 2 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.





