რუსული რეჟიმი

სასამართლომ დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ცნობითსასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პროკურატურამ უსაფუძვლოდ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა, თავად ნინო დათაშვილს კი არ მისცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება.

"პროკურატურამ მიმართა ბრძოლის ახალ მეთოდს აქტივისტების წინააღმდეგ და კონკრეტულად ნინო დათაშვილის შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა ყოველნაირი კრიტერიუმის და ყოველნაირი საფუძვლის არსებობის გარეშე.

სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, სასამართლომ არ მისცა ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან მას არ ჰქონდა ინფორმაცია რა პროცესი განიხილებოდა მის წინააღმდეგ. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი იქნება წინააღმდეგი ექსპერტიზის ჩატარებაზე, გამოყენებული იქნეს იძულებით პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა." - თქვეს ბრიფინგზე.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ნინო დათაშვილს აქვს ხერხემლის პრობლემები, რაც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ემოციური ლაბილობა, ტირილი, ემოციის მატება. მათი შეფასებით, პროკურატურამ უკანონოდ მოითხოვა ნინოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღის ვადით, რათა გაახანგრძლივონ მისი პატიმრობა.

"პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გაუცვალა პროკურატურას, სადაც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი ხერხემლის, მას აქვს მალთაშუა დაზიანება, თიაქარი, რადიკულიტი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, ხერხემლის დაზიანებიდან გამომდინარე ნინოს აღენიშნებოდა 2019 წელს ემოციური ლაბილობა, ტირილი, ემოციის მატება, რაც არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი. ეს არის სიმპტომი და თან ახლავს ნინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. […]

ამის შემდეგ ორი თვის განმავლობაში, გამოძიებამ არანაირი ღონი არ მიიღო იმასთნ დაკავშირებით, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიეღო ზომები, რაც აუცილებელი იყო ნინოს უფლებებისთვის და თავისუფლებებისთვის. და მაშინ, როდესაც წინა სასამართლო სხდომაზე პროკურატურას ევალებოდა, რომ უფრო მაღალი სტანდარტით დაემტკიცებინა და დაედასტურებინა ნინო დათაშვილის პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა, მან მიმართა ასეთ ხერხს, უკანონოდ მოითხოვა ნინოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინოს პატომრობა გაახანგრძლივა უკანონოდ, ამჯერად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს და მიზნად ისახავს ნინოს დისკრედიტაციას, ნინოს სტიგმატიზაციას." - განაცხადა ორგანიზაციამ.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ცნობით, ისინი გაასაჩივრებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თუმცა არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა ნინო დათაშვილის შემთხვევაში, არ იქნა დაკმაყოფილებული სააპელაციო სასამართლოს მხრიდან.

21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

კომენტარები