რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, უკრაინელი ლტოლვილები აშშ-ში დარჩენას ომის დასრულებამდე შეძლებენ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს აშშ-ში დარჩენის უფლება მანამდე ექნებათ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება. 

კითხვაზე, დართავს თუ არა ნებას ომის გამო უკრაინიდან აშშ-ში გაქცეულ ლტოლვილებს, ომის დამთავრებამდე ამერიკაში დარჩნენ, ტრამპმა უპასუხა, რომ "დიახ, ჩვენ უკრაინიდან ჩამოსული ბევრი ადამიანი გვყავს და ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ."

იანვარში მეორედ ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბაიდენის პრეზიდენტობისას დაარსებული ჰუმანიტარული პროგრამების გადახედვასა და ზოგ შემთხვევაში გაუქმება დაიწყო, რის ფარგლებშიც აშშ ბაიდენის დროს უცხოელებზე დროებითი ბინადრობის უფლებას გასცემდა.

ბაიდენის პრეზიდენტობისას, 2022 წლის აპრილში შეიქმნა "Uniting for Ukraine-ის (U4U) ინიციატივაც, რომელიც დროებით, ორწლიანი ბინადრობის უფლებით, ამერიკელ სპონსორებს უკრაინელი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების აშშ-ში ჩაყვანის საშუალებას აძლევდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 240 000-ზე მეტმა უკრაინელმა ისარგებლა და რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ თავი აშშ-ს შეაფარა. თუმცა, გამოცემა Kyiv Post-ის ცნობით, ტრამპის შესაძლო პოლიტიკასთან დაკავშირებით მათ რიგებში მღელვარება შეინიშნებოდა. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ცნობებიც, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბევრი უკრაინელისთვის დროებითი ბინაბდრობის უფლების გაუქმებას განიხილავდა, რითაც ისინი აშშ-დან დეპორტაციის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ. 

კომენტარები