უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ტრამპის მიერ რუსეთისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის შემცირებას ეხმიანება.
ზელენსკის თქმით ეს "უკიდურესად მნიშვნელოვანი" გადაწყვეტილებაა, რადგან "სწორედ რუსეთია ის, ვინც მშვიდობის მიღწევის მცდელობების დასაზიანებლად და ომის გასახანგრძლივებლად ყველაფერს აკეთებს".
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მშვიდობის მისაღწევად საკვანძო ელემენტია და "რუსეთი ითვალისწინებს სანქციებს, ითვლის ასეთ დანაკარგებს".
"დღეს პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან უკიდურესად მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა. ეს სიმართლეა: სწორედ რუსეთია ის, ვინც მშვიდობის მიღწევის მცდელობების დასაზიანებლად და ომის გასახანგრძლივებლად ყველაფერს აკეთებს. ყოველ ღამეს ხდება დარტყმები, უკრაინის დაზიანების მუდმივი რუსული მცდელობები.
მშვიდობა ნამდვილად შესაძლებელია, თუ ძლიერად და გადამწყვეტად ვიმოქმედებთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს ყველა პარტნიორმა იცის, რომ სანქციები არის საკვანძო ელემენტი. რუსეთი ითვალისწინებს სანქციებს, ითვლის ასეთ დანაკარგებს.
მშვიდობა ძალის მეშვეობით შესაძლებელია. უკრაინა, როგორც ყოველთვის, მზად არის ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან, ამ ომის ღირსეულად და მდგრადად დასასრულებლად რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაოს" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.





