საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ რუსოფობიურ ქმედებებს ყურადღებით აკვირდებიან.
რუსეთის ინტერესების სექცია აღნიშნავს, რომ ქმედებების საპასუხოდ შესაბამისი ქართული უწყებებისგან საჭირო ზომების მიღებას ელის.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
"მივაქცეთ ყურადღება მორიგ რუსოფობიურ ქმედებებს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ცნობილმა ჯგუფმა თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატში (ნეიტრალური სტატუსით) მონაწილე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ წამოიწყეს.
ამ პროვოკაციული ქმედებების აშკარა მიზანი ანტირუსული კარტის გამოყენებით რადიკალური ძალების მხარდამჭერების მობილიზება და თბილისის, როგორც მასპინძელი ქვეყნის, პრესტიჟის შელახვაა.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორების ჩემპიონატის სათანადო დონეზე ჩატარების ძალისხმევას ვაღიარებთ, ჩვენ ველით, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები სამართლიანი, არადისკრიმინაციული და არაპოლიტიზებული შეჯიბრებების პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს მიიღებენ"
ცნობისთვის, 22 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელშიც სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
აქტივისტებმა ჩემპიონატის მიმდინარეობისას პლაკატები გაშალეს, სადაც შემდეგი სიტყვები ეწერა - "რუსი ოკუპანტები ანწუხელიძის სამშობლოში ვერ გაიხარებენ"





