რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: მასკმა 2022 წელს, რუსეთზე კონტრშეტევის დროს, უკრაინას Starlink გაუთიშა

Reuters-ის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, როდესაც უკრაინა მნიშვნელოვანი კონტრშეტევის გზით რუსეთისგან ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობდა, ილონ მასკმა გასცა განკარგულება, რომელმაც შეტევის ტემპი დააზიანა და Starlink-ის მიმართ კიევის ნდობა შეარყია.

სამი ინფორმირებული პირი Reuters-ს უყვება, რომ მასკმა SpaceX-ის (კომპანია, რომელსაც ის ფლობს და რომელიც Starlink-ს აკონტროლებს) უფროს ინჟინერს დაავალა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიულ რეგიონში, რომლის დაბრუნებასაც უკრაინა ცდილობდა, სერვისის დაფარვა შეეზღუდა, მათ შორის ხერსონსში.

გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მასკმა რუსეთის მიერ ბირთვული ესკალაციის მუქარის გამო მიიღო. Reuters აღნიშნავს, რომ მსგავსი მუქარების მაშინდელი აშშ-ს ადმინისტრაციის წევრებსა და ოფიციალურ პირებსაც სჯეროდათ.

"ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ" - უთხრა Starlink-ის ინჟინერმა, მაიკლ ნიკოლსმა კოლეგებს მასკის ბრძანების მიღების შემდეგ, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემას მოუყვა. თანამშრომლებმა განკარგულება შეასრულეს და Reuters-ის ინფორმაციით, მინიმუმ ასზე მეტი Starlink-ის ტერმინალი გაითიშა. ეს ქმედება შეეხო სხვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, მათ შორის დონეცკის ოლქის ნაწილებს.

უკრაინის არმიის მაღალჩინოსანი, სამხედრო მრჩეველი და კიდევ ორი პირი, რომლებმაც Starlink-ის გათიშვა ფრონტის ხაზთან განიცადეს, გამოცემას უყვებიან, რომ მასკის ბრძანების შემდეგ, უკრაინელი ჯარისკაცები მოულოდნელად კომუნიკაციის გარეშე აღმოჩნდნენ.

წყაროების მიხედვით, ჯარისკაცებში პანიკა დაიწყო, რუსების პოზიციების დამკვირვებელი დრონები გაითიშა, ხოლო შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, რომელიც Starlink-ზე იყო დამოკიდებული, სამიზნეების დარტყმა გაუჭირდა.

ამის შედეგად, როგორც უკრაინელი სამხედრო და სამხედრო მრჩეველი გამოცემას უყვებიან, უკრაინულმა ძალებმა ბერისლავის ქალაქში, ხერსონის რეგიონის აღმოსავლეთით, რუსული პოზიციის ალყაში მოქცევა ვერ მოახერხეს. "ალყა მთლიანად შეფერხდა და ჩავარდა" - თქვა სამხედრო პირმა ინტერვიუში.

საბოლოოდ, უკრაინის კონტრშეტევამ ბერისლავი და რუსეთის მიერ ოკუპირებული დამატებითი ტერიტორიებიც წარმატებით დაიბრუნა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ  მასკის ეს ბრძანება, რომელიც აქამდე საჯაროდ ცნობილი არ იყო, პირველი ცნობილი შემთხვევაა, როდესაც მილიარდერმა ბრძოლის ველზე Starlink-ის დაფარვა მიზანმიმართულად გამორთო. ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა Starlink-ის ზოგიერთი თანამშრომლისთვის და ფაქტობრივად შეცვალა ფრონტის ხაზი - რაც, როგორც ერთ-ერთი წყარო ამბობს, მასკს შესაძლებლობას აძლევდა, "ომის შედეგზე პირადად ემოქმედა".

კომენტარები