ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი X-ზე უკრაინის რადის მიერ 22 ივლისს მიღებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.
კოსის თქმით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (NABU) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (SAPO) დამოუკიდებლობის დამცავი მექანიზმების გაუქმება "სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯია".
"NABU-ს [ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს] დამოუკიდებლობის დამცავი მთავარი მექანიზმების გაუქმება სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯია.
დამოუკიდებელი ორგანოები, როგორებიცაა NABU & SAPO, არსებითი მნიშვნელობის არიან ევროკავშირში უკრაინის გზისთვის. კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში რჩება." - წერს მარტა კოსი X-ზე.
ცნობისთვის, უკრაინელი დეპუტატების მიერ მიღებული კანონპროექტი ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (NABU) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (SAPO) მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.
კანონპროექტს მხარი 263-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 13-მა მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს, თუმცა მას ვეტოს დადების უფლებამოსილებაც გააჩნია.
ახალი კანონპროექტით, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება, მითითებები მისცეს უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს. ამასთან, კანონპროექტი გენერალურ პროკურორს სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის ძალაუფლების სხვა პროკურორებზე დელეგირების საშუალებასაც მისცემს.
ამას გარდა, ახალი კანონპროექტით უკრაინის გენერალურ პროკურორს შეეძლება, NABU-ს გამოძიებები დაცვის მხარის მოთხოვნით დახუროს.
უკრაინული მედიის თქმით, დამკვირვებლების გაფრთხილებით, კანონპროექტში შეტანილი შესწორებები ხელს შეუშლის ორი სააგენტოს მხრიდან უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების ან მთავრობის წარმომადგენლების საქმეების გამოძიებას.





