ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, აქციების დროს დაკავებული მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
საქმის პროკურორის, თორნიკე გოგეშვილის თქმით, ბრალდების მხარე მზად არის აქტიურად განიხილოს საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი.
"ჩვენი მიზანი იყო ქალბატონ მზიასგან მიგვეღო დეტალური ინფორმაცია, რასაც კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. პატიმრობიდან მალევე ქალბატონმა მზიამ შიმშილობა გამოაცხადა, წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება….კონკრეტულად, ჩადენის მოტივი გვაინტერესებდა. სიწითლე არის დაზიანების ობიექტი.
პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, [...] ქალბატონი მზია დაკავებულებებზე განმარტებებს ითხოვს, რაც ვიდეო მასალაში ჩანს, შედის კომუნიკაციაში… ის ესაუბრება პასუხისმგებელ პირს. ცალსახაა, რომ ეს ქმედება - ჩამოქაჩვა და დარტყმა ხორციელდება. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ეს იყო "თავკერძა კომუნიკაციაზე იმპულსური რეაქცია"…
ჩვენ მოვისმინეთ მოწმეთა ჩვენებები. სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ბრალდებული ჩვენებაში აქციაში მისვლის მიზეზს ხსნის, ციალა ქათამაძის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის მიზნით მივიდა.
სახეში დარტყმა არის ძალადობრივი ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. ქალბატონ მზიას ადგილზე რომ მამაკაცი ყოფილიყო და გაშლილო ხელი დაერტყა პოლიციელისთვის… მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილია ბრალდების ქმედება. ქმედება უშუალოდ ჯანმრთელობის ხელყოფისკენ იყოს მიმართული, ამას შესაძლოა მნიშვნელობა მიენიჭოს სასჯელის დანიშვნის დროს.
ცალსახად სახეზე არის პოლიციელზე სამსახურეუბრივი საქმიანობისას თავდასხმის ფაქტი. ყველა პოლიციელი სამსახურეობრივ საქმიანობს ასრულებდა აღნიშნულ აქციაზე. მიგვაჩნია, რომ ცალსაცად არის თავდასხმა.
ნამდვილად მნიშვენლოვანია ჟურნალისტიკა და პატივისცემას გამოვხატავ ამ პროფესიის მიმართ.
უტყუარად არის დადასტურებული წარდგენილი ბრალდება, ასევე, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ რაც საქმის განხილვა მიმდინარეობს დაცვის მხარეს არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ". - თქვა გოგეშვილმა, ინტერპრესნიუსის ცნობით.
ცნობისთვის, საიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საიამ სტრასბურგში საჩივარი 28 აპრილს გააგზავნა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
ამასთან, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს.





