საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და გუშინ ღამით რუსული იერიშის შედეგად დაზიანებული ადგილი მოინახულა.
ამის შესახებ საფრანგეთის საელჩო ინფორმაციას X-ზე ავრცელებს.
"რუსული ტერორის მორიგი ღამე. 426 დრონი, 24 რაკეტა. მშვიდობიანი მცხოვრებები მოკლული და დაზიანებული. ჟან-ნოელ ბარომ, რომელიც კიევში ელჩთა კონფერენციის საპატიო სტუმრის სახით არის ჩასული, თავისი ვიზიტი ბომბარდირების ადგილით დაიწყო. უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება". - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ღამით რუსეთმა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით უკრაინაზე მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა.
ქალაქ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, კიევში რუსულ იერიშებს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.
კიევის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული იერიშების შედეგად ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში, სუპერმარკეტში, სავაჭრო სივრცეებსა და საწყობებში. ტკაჩენკოს თქმით, აფეთქების შედეგად ნამსხვრევები საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეც მოხვდა.





