საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 14 ივლის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის კარნიზის ჩამონგრევასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს.
"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს.
სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს" - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
14 ივლისს, საღამოს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 1 პირი კი დაშავდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, კორპუსი ავარიული იყო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს სახლის დაცლა და ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, თუმცა 100%-იანი თანხმობა არ შედგა.
კახა კალაძეს არ აუხსნია, რატომ არ იყო შემოსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია და რატომ ეძლეოდათ მოვაჭრეებს ადგილზე ვაჭრობის უფლება. მოქალაქეები ავარიული შენობის მდგომარეობის შესახებ, ფოტო და ვიდეომასალას ერთი წლის წინ აქვეყნებდნენ. მასალებში კორპუსის ავარიულობა შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარაა.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, შენობას ავარიულობის მესამე ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.





