ავარიული შენობის ჩამონგრევა

სადგურის მოედანთან ნგრევასთან დაკავშირებით, ენმ-მ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

თბილისში, სადგურის მოედანზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის გამო, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 

ენმ-ს წევრის, ლაშა ფარულავას გაცხადებით, მოითხოვენ გამოძიება დაიწყოს კახა კალაძისა და მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით.

"ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა, რომელსაც წინ უძღოდა დანაშაულებრივი უმოქმედობა თბილისის მერიის და კახა კალაძის მხრიდან. მათ თავად განაცხადეს, რომ იცოდნენ ბაზრობაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომ იყო ავარიული კორპუსი იყო, თუმცა მოსახლეობა არავინ გააფრთხილა. [...]

ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა არამხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია". - განაცხადა ფარულავამ.

14 ივლისს, საღამოს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 1 პირი კი დაშავდა. 

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, კორპუსი ავარიული იყო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს სახლის დაცლა და ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, თუმცა 100%-იანი თანხმობა არ შედგა.

კახა კალაძეს არ აუხსნია, რატომ არ იყო შემოსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია და რატომ ეძლეოდათ მოვაჭრეებს ადგილზე ვაჭრობის უფლება. მოქალაქეები ავარიული შენობის მდგომარეობის შესახებ, ფოტო და ვიდეომასალას ერთი წლის წინ აქვეყნებდნენ. მასალებში კორპუსის ავარიულობა შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარაა.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, შენობას ავარიულობის მესამე ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. 

კომენტარები