ავარიული შენობის ჩამონგრევა

თვითმმართველობის არჩევნებით წყდება უსაფრთხოდ ცხოვრება ჩვენს ქალაქში - საქართველოსთვის

ტატა ხვედელიძე
სქრინი ბრიფინგიდან

პარტია გახარია - საქართველოსთვის გუშინ სადგურის მოედანთან შენობის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა.

მათი შეფასებით, მომხდარი მერიის გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის ბრალია, მერი კახა კალაძე კი ცდილობს ეს პასუხისმგებლობა მოსახლეობას დააკისროს. პარტიის თქმით, როცა შენობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იქ მცხოვრებლებს, არამედ გარშემო მოძრავ ადამიანებსაც, კანონი ავალდებულებს მერიას, რომ იმოქმედოს თანხმობის გარეშეც.

"ეს არა მხოლოდ საშინელი ტრაგედიაა, არამედ თბილისის მერიის გულგრილობის, უპასუხისმგებლობის, კორუმპირებულობისა და არაკომპეტენტურობის ბრალი. თბილისის მერის განცხადება კი იყო ცინიკური, კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ჩვენს ხალხზე. ჩვენ თბილისის მერიას შევახსენებთ კიდევ ერთხელ მათ პასუხისმგებლობას. როცა შენობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იქ მცხოვრებლებს, არამედ გარშემო მოძრავ ადამიანებსაც, კანონი ამბობს, რომ მერიამ უნდა იმოქმედოს თანხმობის გარეშეც. მარტივად, ადამიანების სიცოცხლის დაცვა მერიის ვალდებულებაა და არა მათი კეთილი ნება. რაც გუშინ მოხდა, შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ. კანონი ამის ვალდებულებას აკისრებდა, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე მათ მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც მათი ძალაუფლება არის გადასარჩენი." - განაცხადეს ბრიფინგზე.

პარტიის წევრმა, ტატა ხვედელიძემ გაიხსენა კახა კალაძის მიერ ჩატარებული ღონისძიება, სადაც მან თქვა, რომ თბილისში ათასობით ავარიული შენობის პრობლემა მოაგვარა, ამ დროს კი ქალაქში 10 000-ზე მეტი ასეთი შენობაა. პარტიის აზრით, თბილისის მაღალჩინოსნები ელოდებიან შენობების დანგრევას, რათა იქ შემდეგ კორუფციული სქემით საცხოვრებელი სახლები ან სასტუმროები ააშენონ.

"ყველამ ვნახეთ, 23 ივნისს კალაძის პომპეზური ღონისძიება, სადაც ამაყად აღნიშნავდა, რომ თითქოს ათასობით ავარიული შენობის პრობლემა მოაგვარა. ამ დროისთვის თბილისში 10 000-მდე ავარიული შენობა გვაქვს. დღესდღეობით და სწორედ ამ წუთებში ძალიან ბევრ ადგილას მოსახლეობა ისევ და ისევ ითხოვს შველას: ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, ავლაბარში სამების ტაძრის მიმდებარედ, ინგოროყვას ქუჩაზე, ჩაიკოვსკისა და ასათიანის ქუჩებზე, ასევე ჩუღურეთის რაიონში და კრწანისის რაიონებში არის გაუსაძლისი მდგომარეობა მოსახლეობისთვის. ამასთან ერთად, უმოქმედობით ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ჩვენს ქალაქში. ცალსახაა, რომ თბილისის მაღალჩინოსნებს საკუთარი ქალაქი არ უყვართ, არ უფრთხილდებიან ჩვენს მრავალწლიან ისტორიას და ელოდებიან, როდის დაინგრევა რომელიმე სახლი, რომ მერე კორუფციული სქემით დაიპატრონონ ესა თუ ის ტერიტორია და მასზე ააშენონ საცხოვრებელი სახლი ან სასტუმრო." - თქვა ტატა ხვედელიძემ.

პარტიის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებზე და განაცხადა, რომ აქ წყდება იცხოვრებს თუ არა ადამიანი უსაფრთხოდ ჩვენს ქალაქში. ის მოუწოდებს მოსახლეობას მივიდნენ თბილისის საკრებულოში, რათა შეაგროვონ ინფორმაცია ავარიულ შენობებთან დაკავშირებით და მოსთხოვონ მერიას პასუხი.

"ამ ფონზე ზოგი ოპოზიციონერი არჩევნებზე ხელაღებით საუბრობს და ვითომ რაღაც სახალისო შეჯიბრებას გვიანონსებს ამ მიმართულებით. დღეს თვითმმართველობის არჩევნებით წყდება იცხოვრებს თუ არა ადამიანი უსაფრთხოდ ჩვენს ქალაქში. აი, ამიტომაც ვართ ჩვენ ამ ბრძოლაში. დღეიდან გელოდებით თბილისის საკრებულოში, შევაგროვოთ ინფორმაცია ავარიულ შენობებთან დაკავშირებით და ერთად მოვთხოვოთ თბილისის მერიას იმოქმედოს და შეასრულოს საკუთარი ვალდებულება. ოცნების ხელისუფლების პირობებში დაცული არავინაა, მათ შორის, არც ოცნების ამჟამინდელი გულშემატკივარი და მხარდამჭერები. ოცნებას აღარაფრის რესურსი აღარ აქვს, გარდა იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე იზრუნოს. მოგიწოდებთ ოცნების მხარდამჭერებს, მეგობრებო, მჯერა, რომ ასეთი დაუცველი მომავალი თქვენი შვილებისთვის არასოდეს გინდოდათ, თქვენ გაქვთ არჩევანი და თქვენი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა თქვენს ხელშია." - განაცხადა ტატა ხვედელიძემ.

14 ივლისს, საღამოს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სადგურის მოედანზე შენობის ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნის ოპერაცია დასრულებულია - დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 1 პირი.

 

კომენტარები