კოალიცია ლელო - ძლიერი საქართველო გუშინ სადგურის მოედანთან შენობის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა.
მათი შეფასებით, ეს არა ტრაგიკული შემთხვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია და პასუხისმგებლობა თბილისის მერსა და მერიას უნდა დაეკისროს.
"ივანიშვილის რუსული რეჟიმის თბილისის მერის კახი კალაძის, ასევე მერიის სხვა მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლობას, არაკომპეტენტურობას, გულგრილობას გუშინ თბილისში ესხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე, დაღუპულია ორი ადამიანი. ეს არ არის ტრაგიკული შემთხვევა, ამ საქმეში აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. თქვენ იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, აქვე ახლოს, დადიანის ქუჩაზე ჩამოინგრა კიდევ ერთი შენობა, მაშინ, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ გადავრჩით, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს ყოფილიყო გარკვეული მინიშნება თბილისის მერისთვის, მერიის სხვა წარმომადგენლებისთვის და მათ მოეხდინათ გარკვეული რეაგირება, პრევენცია, მათ არაფერი არ იღონეს, გამოიჩინეს სამსახურებრივი გულგრილობა, რაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს დაუჯდათ სიცოცხლის ფასად." - თქვეს საგანგებო ბრიფინგზე.
პარტია ლელოს წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, თბილისში 10 000-ზე მეტი ავარიული შენობაა, თუმცა მათი რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტი მცირდება.
"თბილისში არის 10 000-ზე მეტი ავარიული შენობა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში და ნაცვლად იმისა, რომ მერია ზრდიდეს ბიუჯეტს, ყოველწლიურად ეს ბიუჯეტი მცირდება და 2025 წლისთვის მხოლოდ 10 მილიონი ლარია ამ მხრივ გამოყოფილი. ჩვენ გვჭირდება მერია, რომელიც იზრუნებს ადამიანების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ნაცვლად ამისა, ისინი ზრუნავენ, ისინი მილიონობით ლარს ხარჯავენ პარტიული აქტივის დასაქმებისთვის და ის თანხაც კი, რაც კახა კალაძის პიარისთვის დახარჯულია უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, გაცილებით მეტია, ვიდრე 10 000 ავარიული შენობის გამაგრების პროგრამისთვის არის გამოყოფილი." - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
14 ივლისს, საღამოს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სადგურის მოედანზე შენობის ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნის ოპერაცია დასრულებულია - დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 1 პირი.





