გიორგი ბაჩიაშვილი

ესაა რუსული რეჟიმის საქციელი, სისტემის აღვირახსნილობა - ხოშტარია ბაჩიაშვილის ცემაზე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტს გამოეხმაურა. ხოშტარია ამბობს, რომ ეს რუსული ხელწერაა.

"მინდა, გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. წარმომიდგენია, ამის მოსმენა, გაგება და ტერორში ყოფნა ოჯახისთვის რამდენად მძიმეა. ვუთანაგრძნობთ და მათ გვერდში ვართ. შეფასებას რაც შეეხება - ეს არის რუსული, კრიმინალური რეჟიმის საქციელი. რუსეთში ასე ხდება. ფულის ამოღების, მიტაცების, რეკეტის მიზნით ციხეში პირადი შურისძიება - და ადამიანის წამება, იმიტომ რომ ივანიშვილს უნდა, მას რაღაც წაართვას. ეს კატასტროფაა [...]

ივანიშვილმა მოინდომა, სამარტოო საკნის კარი გაიღო და ადამიანს სასტიკად გაუსწორდნენ. ეს სისტემის აბსოლუტური აღვირახსნილობაა". - თქვა ხოშტარიამ ფორმულას ეთერში.

გიორგი ბაჩიაშვილი წერილში წერს, რომ მასთან სამარტოო საკანში მისთვის უცნობი ადამიანი შევიდა, რომელმაც მასზე ფიზიკურად იძალადა. ბაჩიაშვილის თქმით, ამ პიროვნებამ მას მუშტები ურტყა და თავში შუშის ჭიქა ჩაარტყა, რის შედეგადაც, მისივე განცხადებით, გონება დაკარგა. 

გიორგი ბაჩიაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.

კომენტარები