გიორგი ბაჩიაშვილი

ბოკუჩავა: ენმ გიორგი ბაჩიაშვილს უპირობო სოლიდარობას უცხადებს

ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტს გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, პარტია ბაჩიაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

"მინდა, ჩვენი პარტიის სახელით გიორგი ბაჩიაშვილს უპირობო სოლიდარობა გამოვუცხადო. ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეა და ბრალს მხოლოდ იმიტომ იხდის, რომ მასთან წინააღმდეგობაში შევიდა. ნორმალურ ქვეყანაში ამ ფაქტის გამოძიებას აქვე მოვითხოვდით, მაგრამ რუსულ დიქტატურაში, სადაც ძალადობის ავტორი თავად რეჟიმია, სისტემაა, გამოძიების მოთხოვნას აზრი არ აქვს.

ამიტომ, ერთადერთი შეფასება, რასაც გავაკეთებდი, ისაა, რომ ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერი პირისთვის - იქნება ეს დღევანდელი არალეგიტიმური მთავრობის თანამდებობის პირი, იქნება ეს მისი პროპაგანდისტი თუ ბიზნესმენი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობს. კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ, შეიძლება, გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას თქვენ აღმოჩნდეთ". - თქვა ბოკუჩავამ.

გიორგი ბაჩიაშვილი წერილში წერს, რომ მასთან სამარტოო საკანში მისთვის უცნობი ადამიანი შევიდა, რომელმაც მასზე ფიზიკურად იძალადა. ბაჩიაშვილის თქმით, ამ პიროვნებამ მას მუშტები ურტყა და თავში შუშის ჭიქა ჩაარტყა, რის შედეგადაც, მისივე განცხადებით, გონება დაკარგა. 

გიორგი ბაჩიაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.

კომენტარები