გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა თქვა, რომ გერმანიის თავდაცვის ხარჯის მასშტაბური ზრდა რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხით არის გამართლებული. მისივე თქმით, "ევროპული მშვიდობა საფრთხეშია", ხოლო გერმანიის შეიარაღებულ ძალები ბოლო ათწლეულებში "საბიუჯეტო შემცირებებით არის პარალიზებული".
ამის შესახებ კლინგბაილმა პარლამენტის წინაშე 2025 წლის საბიუჯეტო გეგმის წარდგენისას ილაპარაკა.
"ვიცი, ბევრისთვის რთულად მისაღებია, რომ ევროპაში ომი დაბრუნდა, მაგრამ ჩვენი სიძლიერე წინაპირობაა იმისთვის, რომ ნამდვილი მშვიდობის დაბრუნება შევძლოთ ევროპაში, სადაც საზღვრები ძალისმიერად ვერ გადაიწევა. გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ერთმა ბავშვმა არ გამოცადოს ომი და ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია". - თქვა კლინგბაილმა.
კლინგბაილმა თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი საბიუჯეტო გეგმა და ზოგადი პოლიტიკა ქვეყანას გააძლიერებს და უზრუნველყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება.
"დემოკრატიული ცენტრის ამოცანაა, რომ ეს ქვეყანა კვლავ გააძლიეროს, უზრუნველყოს, რომ ეკონომიკა ვითარდება, სამუშაო ადგილები დაცულია და ქვეყანაში ერთიანობა გაძლიერებულია. [...] დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიუჯეტით, მილიარდობით ინვესტიციით, ყველაფრით, რასაც ვაკეთებთ, ამისთვის კარგ საფუძველს ვქმნით". - თქვა კლინგბაილმა.
გერმანიის ამ წლის საბიუჯეტო გეგმა, რომლის მიღებაც თებერვალში დანიშნულმა არჩევნებმა შეაფერხა, დაახლოებით €82-მილიარდიან სესხებას ითვალისწინებს - კლინგბაილის საფინანსო გეგმით, ეს რაოდენობა 2029 წლამდე €126 მილიარდს მიაღწევს.
მომდევნო კვირებში გერმანიის ამ წლის საბიუჯეტო პროექტში ცვლილებების შეტანა იქნება შესაძლებელი, სექტემბრის შუა რიცხვებში კი ბუნდესტაგს საბოლოო კენჭისყრისთვის გაეგზავნება.
შემდეგი წლის საბიუჯეტო გეგმას კი ხელი თვის ბოლოს მოეწერება და აგვისტოში პარლამენტს გაეგზავნება.
აქამდე მერცს უთქვამს, რომ მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გერმანიის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაა. გერმანიის ახლანდელი მთავრობას ასევე მიზნად აქვს დასახული, რომ თავდაცვის ხარჯი NATO-ს ახალ სამიზნე მაჩვენებელი, 5% გახადოს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანიის მმართველმა კოალიციამ თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად ასობით მილიარდობით ევროს ღირებულების დაფინანსების პროგრამები დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო ვალის ზრდით ფინანსდება.





