რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"არაადამიანური წამება იყო" – რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა

Getty Images

6 ივლისს უკრაინულმა მედიამ, Suspilne-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ 57 წლის ჯარისკაცი, ვალერი ზელენსკი წამების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. 

უკრაინელმა სამხედრომ რუსეთის ტყვეობაში 39 თვე გაატარა და ის 25 მაისს რუსეთსა და უკრაინას შორის 1000-1000-ზე ტყვეების გაცვლის შეთანხმებაში მოხვდა. თუმცა, სულ რაღაც 22 დღის შემდეგ, 16 ივნისს, მას გული გაუჩერდა. 

მისი ქალიშვილის, ვალერია ზელენკას თქმით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის დასაწყისში მამამისის დანაყოფი მარიუპოლში უკრაინულ ძალებს იარაღს აწვდიდა. 

"როცა თავდასხმა დაიწყო მათ უთხრეს, რომ იერიშზე გადასასვლელად მოხალისეები იყო საჭირო. 40 ადამიანიდან რვამ თქვა, "ჩვენ მივდივართო." მამაჩემი ერთ-ერთი მათგანი იყო," დაამატა ზელენკამ. 

Kyiv Independent-ის ცნობით, ოჯახმა მაშინვე არ იცოდა, რომ ვალერი ზელენსკი ტყვედ აიყვანეს და გარკვეული პერიოდის მანძილზე ის საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგულად ითვლებოდა. წლობით მისი ტყვეობის განმავლობაში ოჯახმა მხოლოდ ერთი წერილი მიიღო. ზელენსკი დიდი ხნის განმავლობაში ჩანდა ტყვეთა გაცვლის სიებში, თუმცა მისი დაბრუნება მხოლოდ მიმდინარე წელს გახდა შესაძლებელი. 

"წამება არა მხოლოდ სასტიკი, არამედ არაადამიანურიც იყო. მაგრამ მან გაუძლო," განუცხადა გარდაცვლილი სამხედროს ქალიშვილმა Suspilne-ს. 

ვალერიას თქმით, მამამისს ძალზე გაუხარდა სახლში დაბრუნება და პირველად შვილიშვილთან შეხვედრა. მან უკრაინულის სწავლის სურვილიც გამოხატა, მრავალი წლის განმავლობაში რუსულ ენაზე საუბრის შემდეგ. 

გავრცელებული ცნობებით, ექიმებმა მას თავდაპირველად პანკრეასის პრობლემებზე უმკურნალეს, თუმცა მისი მდგომარეობა მალე გაუარესდა. ქირურგიული ოპერაციის დროს კი ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი ორგანოები სერიოზულად იყო დაზიანებული. რამდენიმე დღის შემდეგ ვალერი ზელენსკი რეანიმაციაში გარდაიცვალა. 

"მამაჩემმა მითხრა, რომ "ჩვენგან სამი ადამიანი წამების შედეგად დაიღუპა და როცა მე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, "ღმერთს ვევედრებოდი: გთხოვ, ჩემი საყვარელი ადამიანების თვალები დამანახეო,"" ამბობს მისი ქალიშვილი. 

კომენტარები