სანქცირებული მილერი ლაგაზაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [გდდ] უფროსის მოადგილე აღარ იქნება - ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ლაგაზაურმა თანამდებობა "საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა".
2024 წლის 19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს იმ დროინდელი მაღალჩინოსნები, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და ხარაზიშვილის მოადგილე მილერი ლაგაზაური დიდმა ბრიტანეთმა, მათ შორის, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო დაასანქცირა.
იქამდე, 2024 წლის, 16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა საქართველოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის იყვნენ ხარაზიშვილი და ლაგაზაურიც.
6 ივლისს, თანამდებობა დატოვა ხარებას კიდევ ერთმა მოადგილემ, მირზა კეზევაძემ, რომელიც სანქცირებულია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მაგნიტსკის აქტის ფარგლებში, ასევე, გაერთიანებული სამეფოს მიერ.
ცნობისთვის, გდდ-ში თანამდებობებს არცერთი მათგანი, [ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე] აღარ იკავებენ.





