შსს

სანქცირებულმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ თანამდებობა დატოვა

ივანიშვილის შსს-ს ცნობით, გდდ-ს ხელმძღვანელი სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება თანამდებობას ტოვებს. გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას რომან ქარცივაძე დაიკავებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა" - წერს ივანიშვილის შსს.

30 იანვარს ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ივანიშვილისვე წარმომადგენელი, ზვიად ხარაზიშვილი, შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის თანამდებობიდან აწ უკვე წასულ, ვახტანგ გომელაურთან ერთად, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

ივანიშვილის პრემიერმა შსს-ს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ღირსების ორდენზე წარდგენის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ვახტანგ გომელაურს და სხვებს სანქციები დაუწესა. მან მაშინ ისიც თქვა, რომ იმ პირებისთვის, რომლებმაც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციებიდან რაიმე ფინანსური დანაკლისი მიიღეს, "ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას". 

კომენტარები