რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბარო: ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს

ჟან-ნოელ ბარო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
REUTERS/Valentyn Ogirenko

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი საფრანგეთის წინადადებების საფუძველზე და ამერიკელ სენატორებთან კოორდინირებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს. 

ამის შესახებ ბარომ ფრანგული ტელეარხის, TF1-ის ეთერში ილაპარაკა.

"ეს მეტხანს ვეღარ გაგრძელდება, უნდა დასრულდეს. ამის მისაღწევად ამერიკელ სენატორებთან კოორდინირებით ევროპა ემზადება, რომ საფრანგეთის წინადადებებზე დაყრდნობით ბოლო სამ წელში ყველაზე მკაცრი სანქციები დავაწესოთ. ისინი პირდაპირ დაცლის რესურსებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინს თავისი ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს". - თქვა ბარომ.

ბარომ აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული და უკრაინის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შემდეგ უკრაინის ქალაქებზე რუსული იერიშები ხუთჯერ გამრავლდა. 

"პუტინი ფრონტზე წინ აღარ მიიწევს და ამჟამად საცხოვრებელ ტერიტორიებზე რაკეტებითა და დრონებით იერიშების მიტანამდე არის დაყვანილი, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალრიცხოვან დანაკარგს იწვევს. ეს უნდა შეწყდეს". - თქვა ბარომ. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სანქციების ახალი პაკეტი არ იქნებოდა კონცენტრირებული მხოლოდ ენერგეტიკის სფეროზე და, კერძოდ ნავთობის ექსპორტით მიღებულ შემოსავალზე, არამედ რუსეთში და უცხოეთში ისეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამოიღებს სამიზნეში, რომლებიც კრემლს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან. ბარომ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ პუტინს ომის გაგრძელება სწორედ ამ ფინანსური მხარდაჭერის გამო შეუძლია. 

შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ EU-ს მე-18 სანქციების პაკეტი ისევ დაბლოკეს.ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბოლო, მე-18 პაკეტზე შეთანხმება ვერ შეძლო. სანქციების პაკეტის შემოთავაზებულ პროექტს უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების ეწინააღმდეგებოდნენ.

როგორც The Guardian წერს, მათ განსაკუთრებით გააპროტესტეს პროექტის მიერ გათვალისწინებული ზომა, რომელიც რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას გულისხმობდა.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი ქვეყანა "ერთი გუნდის წევრია" და დაამატა, რომ "ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირის წინადადებას, რომლის მიხედვითაც რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა გვეკრძალება".

ცნობისთვის, აშშ-ში სენატმა სამომავლოდ რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების კანონპროექტი უნდა განიხილოს. 

2025 წლის გაზაფხულზე ამერიკელი სენატორების ნაწილმა წარადგინა ორპარტიული კანონპროექტი რუსეთისთვის ახალი, პირველადი და მეორეული სანქციების დაწესების შესახებ. ამ კანონპორექტით გათვალისწინებული სანქციების მიზანია რუსეთისთვის პასუხისმგებლობისა და საზღაურის დაკისრება, თუ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ან შეთანხმებას ჩაშლის. დოკუმენტის ავტორია რესპუბლიკელი ლინდსი გრემი და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი.

კანონპროექტს 100 სენატორიდან მხარი 80-ზე მეტმა დაუჭირა. გასულ დღეებში The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გრემს უბიძგებდა, შეერბილებინა დოკუმენტის ფორმულირება და შეეტანათ დათმობა, რომელიც პრეზიდენტს ნებას მისცემდა თავად აერჩია ვის წინააღმდეგ დაწესდებოდა გათვალისწინებული შეზღუდვები. 

კომენტარები