წულუკიანის კომისია

რეჟიმმა ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა - გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა.

14 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. იქამდე, 8 აპრილს თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა - ოქრუაშვილმა გირაო არ გადაიხადა.

პატიმრობაში ყოფნის დროს პროკურატურამ ოქრუაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა, უწყება თავდაცვის ყოფილ მინისტრს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, საუბარი "2 წლის წინანდელ, რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე".

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 1-ელ ივლისს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას. 

იგივე საქმეზე, 27 ივნისს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. ასევე 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს გივი თარგამაძეს. 

24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

23 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.

ასევე 23 ივნისს იგივე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები