3 ივლისის საღამოს და 4 ივლისის ღამეს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით უკრაინის რეგიონებზე მასიური იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, ოკუპანტებმა 539 დრონი, 1 აერობალისტიკური, 6 ბალისტიკური და 4 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.
რუსებმა ძირითადი დარტყმა კიევის ოლქზე მიიტანეს. გარდა ამისა იერიშის შედეგად დაზიანებულია სხვადასხვა ტიპის შენობები უკრაინის კიდევ 7 რეგიონში. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 ფრთოსანი რაკეტა და 268 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 208 დრონი.
იერიშის მოგერიებაში საჰაერო თავდაცვისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა, მონაწილეობას იღებდა ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ჯარები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსულ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
"პირველი საჰაერო განგაში ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში იმ დროს გაისმა, როდესაც პრეზიდენტ ტრამპი და პუტინი ტელეფონით საუბრობდნენ. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ აპირებს ომისა და ტერორის დასრულებას. კიევში განგაში მხოლოდ დილის 9 საათზე შეწყდა. სასტიკი, უძილო ღამე".
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





