აზერბაიჯანი-რუსეთი

აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა

olaylar.az

აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ იევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა, რომლებიც "მეგობრულ სულისკვეთებას" უპირისპირდება და "ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს". 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აზერბაიჯანული მედია, Report ავრცელებს.

"ელჩს გადაეცა, რომ რუსეთის ფედერაციის ზემოხსენებული ქმედებები ორ ქვეყანას შორის მეგობრულ სულისკვეთებასთან და ურთიერთპატივისცემასთან წინააღმდეგობაში მოდის, დამატებით დაძაბულობას ქმნის და ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს". - წერია განცხადებაში

შეხვედრაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არაზ აზიმოვმა იევდოკიმოვს უთხრა, რომ აზერბაიჯანი ეკატერინბურგში რუსი სამართალდამცავის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების სრულ და მიუკერძოებელ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოელის. 

ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ "აზერბაიჯანის პოზიციის წარმოჩენა, როგორც რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა, უსაფუძვლოა". 

"27 ივნისს ეკატერინბურგში რუსი სამართალდამცავი სამსახურების მიერ აზერბაიჯანელების სახლებში მოწყობილი რეიდების დროს უკანონო ქმედებების შედეგად ჩვენი ორი თანამემამულის დაღუპვისა და სხვათა სერიოზული დაზიანების შესახებ ღრმა შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოითქვა.

აღინიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მომხდარის ახსნა ჩვენი გარდაცვლილი თანამემამულეების სხეულებზე სერიოზული ძალადობის ნიშნებთან და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნასთან წინააღმდეგობაში მოდის.  ხაზი გაესვა, რომ რუსულ მედიაში რეიდებთან დაკავშირებით ეთნიკური შეუწყნარებლობა გამოვლინდა და აზერბაიჯანელების მიმართ ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა "ეთნიკური კრიმინალური ჯგუფი" მიუღებელია". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრისას აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეტენზიები ბაქოში Sputnik-ის ოფისის რეიდის დროს მიღებული ზომების შესახებ უსაფუძვლოა. 

"აღინიშნა, რომ Sputnik-Azerbaijan-ის წინააღმდეგ მიღებული ზომები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში გატარდა და ამჟამად საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს". - წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანულმა მხარემ გასულ წელს რუსულ საჰაერო სივრცეში Azarbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან რეალური სიტუაციის დამახინჯების მცდელობები და რუსულ მედიაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია მიუღებელია და ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის წარმომადგენლობამ ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამჭვირვალე გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გამოსასწორებლად "ძალიან მნიშვნელოვანია". 

"ხაზი გაესვა, რომ ჩვენი ქვეყანა რუსული მხარისგან მოელის ამ კატასტროფის სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას, პასუხისმგებელი პირების ვინაობის დადგენასა და სამართლებრივ დევნას, მსხვერპლთა კომპენსირებასა და ასევე, რომ ეს ნაბიჯები ორმხრივ ურთიერთობებში უარყოფითი ატმოსფეროს გასაქრობად ძალიან მნიშვნელოვანია". - წერია განცხადებაში. 

მანამდე, აზერბაიჯანული მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი და ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სავარაუდო რუსი ოფიცერი აღიარებს, რომ გასული წლის დეკემბერში საჰაერო სამიზნის ჩამოგდების ბრძანება მიიღო, რომელიც მოგვიანებით Azarbaijan Airlines-ის თვითმფრინავი აღმოჩნდა. 

ცნობისთვის, 28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის "ბრუტალური მკვლელობის" გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.

30 ივნისს ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.

მოგვიანებით, მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ეკატერინბურგში ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შახინ შიხლინსკი დააკავეს

კომენტარები