აზერბაიჯანი-რუსეთი

უკრაინაში SOCAR-ის ბენზინგასამართზე დარტყმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი გამოიძახა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ივლისს რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში, მიხაილ ევდოკიმოვი, სამინისტროში დაიბარა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, ელჩს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადეს 5 ივლისის საღამოს უკრაინის ნიკოლაევის ოლქში მდებარე SOCAR-ის ავტოგასამართ სადგურზე დრონების დარტყმასთან დაკავშირებით . რუსეთის წარმომადგენელს შესაბამისი დიპლომატიური ნოტაც გადაეცა.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ინციდენტი პირველი შემთხვევა არ არის. ბაქოს ინფორმაციით, მანამდე უკრაინაში SOCAR-ის სხვა ობიექტებიც, მათ შორის ოდესაში მდებარე გაზგამანაწილებელი საკომპრესორო სადგური და ნავთობბაზა, სამხედრო დარტყმებისა და საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა. აზერბაიჯანის მხარის თქმით, თავდასხმებმა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია, კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი კი დაშავდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ მსგავსი შემთხვევების გაგრძელება, მიუხედავად რუსეთისთვის არაერთგზის გაკეთებული გაფრთხილებისა, თავდასხმების მიზანმიმართულ ხასიათზე მიუთითებს.

საგარეო უწყებამ ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე საჰაერო დარტყმას, რომელთა შედეგად დაზიანდა აზერბაიჯანის საელჩოს შენობა კიევში და საპატიო საკონსულო ხარკოვში. სამინისტრომ ხაზი გაუსვა დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების დაცვის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ვენის კონვენციების, მკაცრი დაცვის აუცილებლობას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, ყველა აღნიშნულ ფაქტზე ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება, მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები წარმოადგინოს და საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის მიმართულებით.

 

კომენტარები