კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის, ირანს სსხვადასხვა საშუალებიით დაეხმაროს და ეს დახმარება ირანის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული.
ამის შესახებ პესკოვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩისა და პუტინის შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის ირანისთვის საჭირო. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი შუამავლური ძალისხმევა. ეს კონკრეტულია. განვაცხადეთ ჩვენი პოზიციის შესახებ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, ირანული მხარის მხარდაჭერის სახეა. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა არის ახლა ირანისთვის აუცილებელი”. - თქვა პესკოვმა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ ზუსტად რა ვალდებულებების აღებისთვის არის რუსეთი მზად და მზადაა თუ არა ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე, პესკოვმა გაიმეორა, რომ “ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე ილაპარაკებს ირანული მხარე და ირანელი მეგობრები”.
“დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირთან შეხვედრა იმართება, სადაც ამ ტრავმატული ესკალაციის ფონზე აზრების გაცვლა მოხერხდება. კერძოდ, ირანული მხარე შეძლებს, შეგვატყობინოს თავისი შეთავაზებებისა და ახლანდელი ვითარების მათი ხედვის შესახებ”. - თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.
ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის
მანამდე, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.





