რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

17 ივნისს კიევზე რუსულ თავდასხმას აშშ-ს პირველი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ფრედ გრენდი და მისი და სიესტკა რიდი

New York Times-ის ინფორმაციით, 17 ივნისს კიევზე რუსულ თავდასხმას აშშ-ს ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

62 წლის ამერიკელი ფრედ გრენდი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე წლის მაისში ჩავიდა, ნანგრევებისგან გაწმენდის სამუშაოებში მოხალისეობრივად იღებდა მონაწილეობას.

"დაახლოებით ხუთი დღის წინ ველაპარაკე და მითხრა, რომ გრძნობდა, თითქოს იმ ადგილას იყო, სადაც უნდა ყოფილიყო". - თქვა გარდაცვლილის დამ.

ოჯახის თქმით, უკრაინაში მოხალისედ წასვლის სურვილი გრენდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან კიევისთვის მხარდაჭერის ნაკლებობამ გაუჩინა.

რუსეთმა კიევზე  მასიური იერიში 17 ივნისს მიიტანა და ის ცხრა საათი გაგრძელდა. შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 172 დაშავდა.

თავდასხმის შემდეგ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი იერიშისას 62 წლის ამერიკელი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა მისი დაღუპვის დეტალები მაშინ უცნობი იყო.

მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დაღუპულებს შორის აშშ-ს მოქალაქეც იყო.

გრენდის სიკვდილი პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსულმა საჰაერო იერიშმა ამერიკელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

კომენტარები