ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია საქართველოსთვის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოუკითხა. ხოჯევანიშვილი იმ პერიოდში, 2019 წელს შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში ხოჯევანიშვილმა თქვა, რომ მას ძალოვანი უწყებების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა და "არც უნდა ჰქონოდა", მისი კომპეტენციის ფარგლებში.
"საუბარი შეეხო ძირითადად ჩორჩანას ირგვლივ საკითხებს. ეს იყო ბორდერიზაციის სიმძაფრე. რა თქმა უნდა, ბორდერიზაცია და ოკუპაციის თანმდევი პროცესები ძალიან მძიმეა იმ რეგიონში, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩემი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა. საუბარი ეხება შიდა ქართლის რეგიონს. რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რომელიც იმ დროსაც და დღესაც შიდა ქართლისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხია.
[...]
ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არ უნდა მცოდნოდა და არც მქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით". - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა. გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.
ამასთან ერთად, გიორგი გახარია თეა წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.
ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.





