17 ივნისს ჩინეთმა ისრაელიდან და ირანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა იმ ფონზე, როცა ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩოები და საკონსულოები დახმარებას სთავაზობენ მათ, ვისაც 13 ივნისს ირან-ისრაელის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ევაკუაციას ცდილობენ.
ამასთანავე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კუო ძიაქუნმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს კომუნიკაცია აქვთ ირანთან, ისრაელთან და სხვა მხარეებთან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას ხელი შეუწყონ. მისი თქმით, ჩინეთი "განსაკუთრებით" მოუწოდებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისრაელზე "სპეციალური გავლენა" აქვთ, რაშიც ჩინური მხარის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, აშშ იგულისხმა.
"ჩინეთი მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ისრაელზე, რათა პასუხისმგებლობა გაიზიარონ, მყისიერი ზომები მიიღონ, რათა დაძაბული ვითარება ჩაწყნარდეს და არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია და მისი გავრცელება". - განაცხადა მან.





