ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ შესაძლოა ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.
"ირანის დიქტატორს ვაფრთხილებ ომის დანაშაულების გაგრძელებასთან და ისრაელის მოქალაქეებისადმი რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით. კარგი იქნება ახსოვდეს ირანის მეზობელი ქვეყნის დიქტატორის ბედი, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ იგივე გზა აირჩია." - თქვა კაცმა.
ჰუსეინის მმართველობა ერაყში 2003 წელს, აშშ-ს შეჭრის შემდეგ დასრულდა. დიქტატორი თავდაპირველად მიიმალა, თუმცა შემდეგში მისი სამალავი აღმოაჩინეს. ის 2006 წელს ერაყის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა და ჩამოახრჩო.
კაცმა გასულ დღეს ირანის პროპაგანდისტულ ტელევიზიაზე მიტანილ იერიშზეც ისაუბრა.
"დღესაც გავაგრძელებთ [ირანის] რეჟიმისა და თეირანში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ მოქმედებას, როგორც გუშინ მოვიქეცით, პროპაგანდისა და სიძულვილის წამახალისებელი მაუწყებელი ორგანოს წინააღმდეგ... თეირანის მოსახლეობას მოვუწოდებ, საკუთარი კეთილდღეობისთვის, დატოვონ ეს არეალი ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის სპარსულ ენაზე გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად." - თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.
პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელსა და ირანს შორის დარტყმების გაცვლა გრძელდება, თუმცა, ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის იერიშები უფრო ეფექტიანად მოქმედებს. განადგურებულია ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვებები, დაზიანებულია ბირთვული ლაბორატორიები.
მზარდი დაძაბულობის ფონზე, 16 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ეს მოწოდება შემდეგში გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც.





