ისრაელთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფების, Gonjeshke Darande-ს თანახმად, აშშ-ს მიერ სანქცირებული ირანული ბანკის, Sepah-ის წინააღმდეგ კიბერშეტევა მოაწყვეს და მისი მონაცემები გაანადგურეს.
ამის შესახებ დაჯგუფება X-ზე განცხადებას ავრცელებს.
"ბანკი Sepah იყო დაწესებულება, რომელიც საერთაშორისო სანქციებს გვერდს უვლიდა და ირანელი ხალხის ფულს რეჟიმის ტერორისტი მარიონეტების, ბალისტიკური რაკეტების პროგრამისა და სამხედრო ბირთვული პროგრამის დასაფინანსებლად იყენებდა. ეს ემართება დაწესებულებებს, რომლებიც დიქტატორის ტერორისტული ფანტაზიების შენარჩუნებას უძღვნიან თავს. მადლობას ვუხდით მამაც ირანელებს, რომლებმაც ეს ოპერაცია შესაძლებელი გახადეს". - წერია განცხადებაში.
Gonjeshke Darande-მ ბოლო წლებში ირანის წინააღმდეგ რამდენიმე კიბერშეტევაზე აიღო პასუხისმგებლობაზე, მათ შორის ბენზინგასამართ სადგურებისა და ფოლადის ქარხნის წინააღმდეგ მიმართულ კიბერთავდასხმებზე.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობები მიუთითებს, რომ Sepah-ის მომსახურებამ მუშაობა დღეს დილით შეწყვიტა.
ირანული მედია, Fars მომხმარებლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიბერთავდასხმის გამო Sepah-ის მუშაობას პრობლემები შეექმნა.
პარალელურად, ირანის ცენტრალური ბანკის სპიკერმა ირანის სამთავრობო მედიასთან, IRNA-სთან საუბრისას თქვა, რომ საბანკო ოპერაციები უპრობლემოდ მიმდინარეობს.
13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.
პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.





